სოციალური პარტნიორობის სამმხრივი ტერიტორიული კომისიის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი ნიდერლანდებში

2019 წლის 20-23 მარტს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ინიციატივითა და მხარდაჭერით  შედგა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალური პარტნიორობის სამმხრივი ტერიტორიული კომისიის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი ნიდერლანდებში, ჰააგაში. დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდა აჭარის მთავრობის წევრები, პროფესიული გაერთიანებისა და დამსაქმებელთა სექტორის წარმოადგენლები. ვიზიტში მონაწილეობა მიიღო ასევე LCC-ის დირექტორმა დავით ჭყონიამ, რომელიც არის სოციალური პარტნიორობის სამმხრივი ტერიტორიული კომისიის წევრი ბიზნეს სექტორის მხრიდან, როგორც საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის აჭარის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი. 

ვიზიტის მიზანი იყო ჰოლანდიის სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის მუშაობის გამოცდილების შესწავლა და გაზირება. დელეგაცია დეტალურად გაეცნო კომისიის მუშაობის მრავალ ათეულწლიან გამოცდილებას და პრაქტიკულ ასპექტებს, რასაც სამომავლოდ  გამოიყენებს აჭარის სოციალური პარტნიორობის სამმხრივი ტერიტორიული კომისიის მუშაობაში.

აჭარაში მოქმედი სოციალური პარტნიორობის სამმხრივი ტერიტორიული კომისია დაკომპლექტებულია აჭარის მთავრობის, დამსაქმებელთა ასოციაციის და პროფკავშირების წარმოადგენლების მიერ პარიტეტულ საწყისებზე. კომისია მოწოდებულია განავითაროს სოციალური დიალოგის კულტურა და ხელი შეუწყოს დიალოგის გზით ნებისმიერი სადავო საკითხის მოგვარებას. კომისიის მიზანია დაარეგულიროს ურთიერთობა დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის, დაიცვას დასაქმებულთა უფლებები, უსაფრთხოება, მონაწილეობა მიიღოს შრომითი დავების მოგვარებაში და მისთ.