ცვლილებები სათამაშო ბიზნესის მარეგულირებელ კანონმდებლობაში

2020 წლის 25 ივნისს განხორციელდა რიგი მნიშვნელოვანი საკანონმდებო ცვლილებები სათამაშო ბიზნესის მარეგულირებელ კანონმდებლობაში, რომლის ძიითადი მიზანია საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს თამაშების მიწოდების მომსახურება და მოხდეს აღნიშნული მომსახურების სანებართვო პირობების განსაზღვრა. აღნიშნულ ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, სათამაშო სფეროსთან დაკავშირებული არსებითი პროდუქციის/სერვისების მომწოდებლებმა, მათ შორის სლოტ აპარატების მიმწოდებელმა კომპანიებმა უნდა მიიღონ შესაბამისი საქმიანობის ნებართვა და გაიარონ ავტორიზაცია. ამ თვალსაზრისით დარეგულირდება ნებისმიერი სახის ტექნიკური პროგრამების, მენეჯმენტის სისტემების, სლოტ აპარატების და სხვა მისთანათა სათამაშო ბიზნესის ოპერატორისათვის მიწოდების ურთიერთობები.

საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, განისაზღვრა ნებართვას დაქვემდებარებული საქმიანობის ახალი სახე – აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდება, რაც გულისხმობს აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მიწოდებას ან/და არსებითი პროდუქციის/სერვისების მიწოდებას აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორისთვის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის საფუძველზე.

ისევე როგორც აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზების ნებართვების, ასევე თამაშების მიწოდების ნებართვების გაცემასა და გაუქმებას, მათში ცვლილებების შეტანასა და უწყებრივ სანებართვო რეესტრში გატარებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად განახორციელებს შემოსავლების სამსახური. ნებართვის გაცემა მოხდება 5 წლის ვადით.

გარდა ამისა კანონის თანახმად შემოსავლების სამსახური უფლებამოსილი ხდება, სანებართვო პირობების შესრულების კონტროლის მიზნით, კანონმდებლობის შესაბამისად დანერგოს კონტროლის ელექტრონული სისტემა შერჩეული პირის მეშვეობით და როგორც შემოწმების ფარგლებში, ასევე მიმდინარე რეჟიმში, გააკონტროლოს სანებართვო პირობების შესრულება. შერჩეული პირი განისაზღვრება, როგორც შემოსავლების სამსახურის მიერ სათამაშო ბიზნესის კონტროლის ელექტრონული სისტემის დანერგვისა და ოპერირების მიზნით შერჩეული პირი. 

„ლეგალ ქონსალთინგ ცენტრის“ მიერ მომზადებულ იქნა საკანონმდებლო ცნობარის სპეციალური გამოცემა ამ საკითხთან დაკავშირებით, რომშიც აღწერილია განხორციელებული საკანომდებლო ცვლილებების ძირითადი ასპეცტები.

 „ლეგალ ქონსალთინგ ცენტრი“ სთავაზობს თავის პარტნიორებსა და კლიენტებს, ასევე ნებისმიერ სხვა დაინტერესებულ პირს დამატებითი დეტალური ინფორმაციის მიწოდებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ასევე იურიდიულ კონსულტაციას ახალი ტიპის ნებართვის მიღების საკითხებში.