სპეციალური გამოცემა, დეკემბერი 2020

2020 წლის 5 ოქტომბერს განხორციელდა რიგი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“.

      განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, კოდექსს დაემატა რამდენიმე ახალი თავი და მუხლი, მათ შორის ახალი თავი „შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვა“. აღნიშნულის მიზანია დაარეგულიროს შრომითი ურთიერთობი ისე, რომ სამუშაო ადგილებზე მაქსიმალურად აღმოიფხვრას შრომითი დისკრიმინაციის შემთხვევები. კოდექსის მნიშვნელოვანი დამატებაა სტაჟირების ინსტიტუტის შემოღება, საწარმოს გადაცემის პირობების რეგულირება, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამსახურის ინსტიტუტის შემოღება, სამუშაო ადგილზე ინფორმაციისა და კონსულტაციის, შრომის ინსპექციისა და სანქციების მარეგულირებელი თავები.

      გარდა ზემოაღნიშნული მნიშვნელოვანი თავების დამატებისა,  კოდექსის ცალკეულ თავებშიც განხორციელდა ცვლილებები და დამატებები, რომელთაგან  უნდა აღინიშნოს  შრომითი ხელშეკრულების დადების თავი, არასრული სამუშაო განაკვეთის, შრომის ხელშეკრულების შინაარსის, შინაგანაწესის გაცნობის წესის,  სამუშაოს შესრულების, სამუშაო დროის, შვებულების, შრომის ანაზღაურების, შრომითი პირობების დაცვის, ხელშეკრულების შეწყვეტისა და ხანდაზმულობის მარეგულირებელ ნორმები.

       მნიშვნელოვანია, რომ თითოეული დამსაქმებლის მიერ მაქსიმალური ყურადღება იქნეს გამახვილებული ზემოაღნიშნულ თავებში განხორციელებულ ცვლილებებსა და დამატებებზე, ამასთანავე ამ ცვილებების შესაბამისად გადაიხედოს შრომითი ურთიერთობების მომწესრიგებელი შიდა რეგულაციები, მათ შორის, შრომითი ხელშეკრულებები, შინაგანაწესი და ა.შ. და იმ შემთხვევაში, თუ შიდა დოკუმენტაცია წინააღმდეგობაში მოდის კოდექსის თანამედროვე რედაქციასთან, მოხდეს შესაბამისი ცვლილებებისა და დამატებების შეტანა და შიდა დოკუმენტაციის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა.

      „ლეგალ ქონსალთინგ ცენტრის“ მიერ მომზადებულ იქნა საკანონმდებლო ცნობარის სპეციალური გამოცემა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რომელშიც აღწერილია განხორციელებული საკანომდებლო ცვლილებებისა და დამატებების ძირითადი ასპექტები.

   „ლეგალ ქონსალთინგ ცენტრი“ სთავაზობს თავის პარტნიორებსა და კლიენტებს, ასევე ნებისმიერ სხვა დაინტერესებულ პირს აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით დამატებითი დეტალური ინფორმაციის/განმარტებების მიწოდებას და შესაბამის სამართლებრივ კონსულტაციას შიდა შრომითი ურთიერთობების მარეგულირებელი დოკუმენტების შრომის კოდექსის ახალ რედაქციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.